ამა წლის 15 ნოემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლაში, ამავე სკოლის მშობელთა კომიტეტის წევრებთან შედგა შეხვერდა ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიას“ (ამსკ) და „საზოგადოება მომავალი თაობისათვის“ ხელმძღვანელების: ალუ გამახარია და ლევან თოდუასი .
შეხვედრა გახსნა და სიტყვით გამოვიდა რუხის საჯარო სკოლის დირექტორი ედუარდ ციკოლია. შეხვედრის მიზანზე ილაპარაკეს ამსკ-ს გამგეობის თავმჯდომარემ ალუ გამახარიამ, ა/ო „საზოგადოება მომავალი თაობისათვის“ დირექტორმა ლევან თოდუამ, სჰც „აფხაზეთის“ სამეგრელოს ოფისის ხელმძღვანელმა ირაკლი ქოჩუამ, მისმა თანამშრომელმა მაკო ქირიამ.
საუბარი შეეხო რუხის კლინიკაში სამკურნალოდ ჩამოსული აფხაზი პაციენტების და მათი მომყოლი პირების, რუხელების მიერ ოჯახებში მიღებისა და მათთვის მოკლე დროით ღამის სათევი ადგილების გამოყოფის საკითხებს.
თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, განსაკუთრებით, რუხში არსებულ სამედიცინო კლინიკებში ჩვენი მაღალკვალიფიციური ექიმების მიერ მოწოდებული მკურნალობის სერვისები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ქართულ-აფხაზური შერიგებისათვის და „მტრის ხატის“ მოშლისათვის, ხალხებს შორის ადამიანური და საქმიანი კავშირების დამყარებისათვის.
შეხვედრაზე აღინიშნა,რომ რუხში ამოქმედებული თანამედროვე სამედიცინო
ცენტრი-რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, უმაღლეს დონეზე და ოპერატიულად
ემსახურება აფხაზეთიდან გადმოყვანილ მძიმე პაციენტებს. მაგრამ სერიოზულ გამოწვევად რჩება აფხაზი პაციენტების სტაციონალური მკურნალობის პერიოდში, მათი მომყოლი პირებისათვის ღამის სათევი ადგილები. გამომსვლელებმა მოუწოდეს შეხვედრის მონაწილეებს ეფიქრათ ამ პრობლემის გადაჭრაზე.
შეხვედრაზე მშობელთა კომიტეტის წევრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ამ იდეის განხორციელება შესამჩნევად წაახალისებს ქართულ-აფხაზური ნდობის მშენებლობასა და შერიგებას. შეხვედრის მონაწილენი დაგვპირდნენ, რომ მოწოდებას (იდეას) აუცილებლად გააცნობენ სოფლის მოსახლეობას, რათა მოძიებულ იქნენ მოხალისე ოჯახები, რომლებიც გამოხატავენ მზაობას, ღამის სათევის გარეშე დარჩენილი აფხაზი პაციენტების თანმხლები პირებისთვის, უსასყიდლოდ მასპინძლობის გაწევის თაობაზე.
რუხელები ამ იდეის ხორცშესხმით, კიდევ ერთხელ შეახსენებენ აფხაზებს ქართულ ტრადიციულ სტუმართმოყვარეობას. თავიანთ მხრივ კი, მასპინძელი ქართველი და სტუმარი აფხაზი დაამყარებენ მეგობრულ კავშირებს, შესაძლოა პარტნიორული ეკონომიკური ურთიერთობებიც კი! ამის დასტურად დასახელდა ერთ-ერთი რუხელის ოჯახი, რომელიც მასპინძლობდა რუხის კლინიკაში სამკურნალოდ ჩამოსული პაციენტის თანმხლებ პირებს.ასეთ ურთიერთობებს აუცილებლად მოჰყვება დადებითი ემოცია და განწყობა. როგორც ლევან თოდუა აღნიშნავს, აფხაზი ოჯახურ ღირებულებებს დიდ პატივს სცემს და სტუმართმოყვარეობას ძალიან აფასებს. დღეს აფხაზსა და ქართველს შორის არსებულ გაუცხოებაში მიზეზია მესამე ძალის მიერ თავს მოხვეული ომი და არა რიგითი ადამიანები. ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენა და ხალხების შერიგება გარდაუვალია. რუხელებს, როგორც არასდროს, ეძლევათ შანსი, რომ ამ ისტორიულ პროცესში თავიანთი ღირებული წვლილი შეიტანონ.
რუხელებთან შეხვედრები გაგრძელდება და შეირჩევა ოჯახები, რომლებიც გაჭირვებაში ჩავარდნილ აფხაზებს დახმარების ხელს გაუწოდებენ. ასეთ ოჯახებს ჩვენი ორგანიზაციის მხარდაჭერაც ექნებათ.