მიმდინარე წლის 10 ივნისს, ქ. ქუთაისში, ასოციაცია „მშვიდობიან და საქმიან კავკასიას“ (ამსკ) ოფისს ეწვია შერიგებისა და სამოქალაქო თანსწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და სამინისტროს აპარატის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე.
ოფისში შესვლამდე, ქალბატონი თეა ახვლედიანის და ბატონი ზვიად ზვიადაძის შეხვედრა და გასაუბრება შედგა ეზოში, შერიგების კუთხესთან შეკრებილი, „ბიზნესინკუბატორში“ მომუშავე, ამსკ-ს პარტნიორების-„შერიგების ასოციაციის“ წევრებთან .
მათ დაათვალიერეს შერიგების სამინისტროს მიერ ამსკ-სთვის სიმბოლური იჯარის პირობებში სარგებლობისათვის გადმოცემული შენობის სამივე სართული, სადაც 1-ლი სართული განკუთვნილია შშმ პირებისათვის და პაციენტების მკურნალობის შემდგომი რეაბილიტაციისათვის, მე-3 სართულზე ფუნქციონირებს აფხაზების სასტუმრო ოთახები, ხოლო მე-2 სართულზე- ამსკ-ს ოფისი და სააქტო დარბაზია.
შეხვედრაზე მონაწილეობდნენ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ამსკ-ს სამედიცინო და ეკონომიკური პროექტების ბენეფიციარები.
ოფისის დათვალიერების შემდეგ, ამსკ-ს სააქტო დარბაზში მინისტრი მიესალმა ღონისძიების მონაწილეებს და შედგა მოკლე თვითწარდგენა.
შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში.
ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიას“(ამსკ) საქმიანობის შესახებ , სოხუმის დატოვების დღიდან დაწყებული, რომელსაც თავისი წვლილი უწყვეტად შეაქვს ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური ნდობის მშენებლობის მიმართულებით, ინფორმაცია გააკეთა ამსკ-ს გამგეობის თავმჯდომარემ ალუ გამახარიამ. განაცხადა, რომ ამსკ-ს საქმიანობამ ნათლად აჩვენა, რომ აფხაზებთან და ოსებთან „მტრის ხატის“ მოშლის და ნდობის აღდგენის ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია ჰუმანიტარული სამედიცინო დახმარების გაწევა და მათი ჩართვა პარტნიორულ ეკონომიკურ პროექტებში, ადამიანებისათვის სიკეთის კეთება. ეს კი, ორივე მხარეს – სიკეთის მიმღებს და მის გამცემს, ერთმანეთის მიმართ კეთილად განაწყობს. ამას თან ახლავს მივიწყებული კავშირ–ურთიერთობების აღდგენა. აფხაზ-ოს პაციენტებს ქართულ სამედიცინო კლინიკებში მკურნალობისას უჩნდებათ მადლიერების გრძნობა, ექმნებათ კეთილგანწყობა ქართველი ექიმებისადამი და საერთოდ, ქართველების მიმართ, რაც ელვის სისწრაფით ვრცელდება მათ ოჯახებში, სოციუმებში და საზოგადოებებში. მედიცინა ბაზაა სხვადასხვა მიმართულების პროექტების განსახორციელებლად, რასაც აუცილებლად სჭირდება ხორცშესხმა.
ღონისძიების მონაწილეებმა მოისმინეს აფხაზეთში,ზემო ბარღების ადმინისტრაციის წარმომადგენლის ინფორმაცია სოფელ ბარღების აღორძინების გეგმებზე. განაცახადა, ამ სოფელში ჩამოყალიბებულია აგრო მეწარმეთა ქართულ-აფხაზური გუნდი და მათ შემუშავებული აქვთ აგრო მიმართულების პროექტები, რომლებიც ითვალისწინებენ სოფლის აღორძინებას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, სოფლის მკვიდრი დევნილების დაბრუნებას. ისაუბრა ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარგლებში წარდგენილ ბიზნეს-გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებს ბარღების ჩაის პლანტაციების აღდგენა-რეაბილიტაციის საკითხებს.
მიმდინარე და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია გააკეთეს ამსკ-ს ეკონომიკური პარტნიორული პროექტების ავტორებმა, რომლებმაც ასევე მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო პროგრამაში „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ, მათ შორის ტურიზმის ხაზითაც, რომლებიც დღეს აფხაზეთში არიან წარმატებულნი მცირე საგრანტო პროექტების განხორციელებაში .
ღონისძიების დასასრულს, ქალბატონი თეა პირადად გაესაუბრა აფხაზ პაციენტებს, გულისყურით მოუსმინა მათ და განაცახადა: „...დღეს აქ, ქუთაისში აფხაზეთის პატარა ატმოსფეროს ვეზიარეთ... აქ მოსმენილ საკითხებს მხედველობაში მივიღებთ. როცა საჭიროდ ჩათვლით, მე მზად ვარ, ბატონ ზვიადისთან ერთად, განვიხილოთ პრობლემური საკითხები, მათი დროულად მოგვარების მიზნით. ვიყოთ კავშირზე ერთმანეთთან. ნდობაა, როცა ქართულ მხარეს კონფლიქტის ზონებიდან ყოველწლიურად გადმოდის დაავადების სხვადასხვა სახით 1500-ზე მეტი ავადმყოფი სამკურნალოდ და საქართველოს რეფერალური პროგრამით ხდება მათი მკურნალობა. დღეს კი, აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთ ქართულ მხარეს არსებულ ყველა პროგრამაში შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ.
მადლობა უდიდესი, თბილი და გულახდილი მიღებისათვის. წარმატება ყველას და მომავალ შეხვედრამდე, თქვა ქ-ნმა თეა ახვლედიანმა.
წასვლისას კი, მინისტრმა მისი სურვილი ამოსავლელ კიბესთან კედელზე, სადაც აფხაზი პაციენტები მადიერებას წერილობით გამოხატავენ და ტოვებენ , შემდეგი სიტყვებით დააფიქსირა: „წარმატებები მშვიდობისა და ნდობის მშენებლობის საქმეში!“
უახლოეს მომავალში კი შერიგების სამინისტროში შედგება შეხვედრა, სადაც განხილულ იქნება საკითხები, რომელთა გადაჭრა ნდობის მშენებლობისა და შერიგების პროცესის ეფექტურობას საგრძნობლად გაზრდის .